4/11/2013

Shielding Guitar

ამ ბლოგში მინდა აღვწერო, თუ როგორ შეიძლება თავი დავაღწიოთ გიტარისტებისათვის ძალიან ნაცნობ პრობლემას, რომელსაც ქვია... ფონი!
ელექტროგიტარის ნაკლი, რომელიც ხშირად თან დევს შესრულებას რეპეტიციებზე, კონცერტებზე და ჩანაწერებშიც კი. თუნდაც სახლში, ვირტუალურ სტუდიაში მუშაობისას ის შეიძლება იმდენად შემაწუხებელი და ხელისშემშლელი იყოს, რომ შემოქმედებითი მუხტი გააქროს და მუზები დააფრთხოს. გიტარას, განსაკუთრებით მაღალი გეინის პირობებში, მოსდევს არა მარტო ელექტროქსელისგუგუნი“ 50 ჰერცზე, არამედ სხვა არტეფაქტები სიხშირეთა ფართო სპექტრში. დინამიკებთან და მონიტორთან (ვგულისხმობ მოძველებულ, CRT მონიტორებს და არა თანამედროვე LCD-), ან სულაც ელექტროგაყვანილობის ხაზის სიახლოვეს ეს ფონი კიდევ უფრო შესამჩნევია და ხანდახან შეუძლებლად გვეჩვენება თავის დაღწევა.
 საბედნიეროდ, გამოსავალი არსებობს. ეს გამოსავალი მცირე კაპიტალდაბანდებას, გარკვეულ დროის დახარჯვას და ცოტაოდენ მოხერხებულობას საჭიროებს, სამაგიეროდ, შედეგად მიიღებთ წარმოუდგენლადჩუმინსტრუმენტს, რომლის ინტონაციაშიც სრულიად უცხო ჟღერადობა სასიამოვნო აღმოჩენა იქნება.
ეკრანირება-ეს ერთადერთი გზაა, რომელიც დაგავიწყებთ პრობლემას. სხვადასხვა ტიპის გეიტები და ნოის-სუპრესორები, რომელთა მოქმედების პრინციპი ხშირად ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება, მხოლოდ უკვე არსებულ, არასასურველ ფონთან ბრძოლაა, მაშინ, როდესაც გარკვეული, ერთჯერადი ღონისძიებით ფონის პრობლემის ერთბაშად გადაჭრა შეიძლება და უმეტეს შემთხვევაში, არა მარტო გეიის საჭიროება გაქრება, არამედ თვით სიგნალი იქნება სუფთა და გამჭვირვალე.
თავიდანვე მინდა ხაზი გავუსვა, რომ გიტარების ნაწილი სხვადასხვა ფორმით ქარხანაშივე ეკრანირდება. უმეტეს შემთხვევაში გრაფიტის სპეციალური საღებავით, რომელიც კარგ ელექტროგამტარს წარმოადგენს. მეორე ნაწილი კი, მათ შორის, ხშირად საკმაოდ ძვირადღირებული ინსტრუმენტებიც კი, მთლიანად დაუცველია გარეშე ელექტრომაგნიტური ტალღებისაგან და არა მარტო ფონის, არამედ რადიოს მოსმენაც შეიძლება ზოგიერთი გიტარის საშუალებით.  თავისთავად ცხადია, რომ იმ ინსტრუმენტებზე, რომლებზეც ჰამბაკერები აყენია, ფონის პრობლემა სინგლებთან შედარებით ნაკლებია. შესაბამისად, ეკრანირების შემდეგ, მათზე გაცილებით უკეთესი შედეგი მიიღწევა. ასევე, რაც არ უნდა კარგი ეკრანირება გაკეთდეს, ფონს აბსოლუტურად ვერ ჩავახშობთ, თუმცა დავიყვანთ მინიმალურ დასაშვებ ზღვარზე, იმდენად, რომ ინსტრუმენტის ჟღერადობას ხელს არ შეუშლის და მის მთელ ბრწყინვალებას წარმოაჩენს.
გიტარის ეკრანირების ორი ვარიანტი არსებობს. პირველია გრაფიტის საღებავი (ქარხნულად უმეტესად ასე აკეთებენ ხოლმე ეკრანირებას).
 
 
თუ გიტარის შიდა ზედაპირები კარგადაა დამუშავებული, შედეგიც კარგი შეიძლება მივიღოთ, მაგრამ თუ სადმე ფენა ძალიან თხელი გამოვიდა, ან არააკურატულად მოხდა ზედაპირების დაფარვა (რაც, ქარხნული ეკრანირების შემთხვევაში, შედარებით იაფფასიან ინსტრუმენტების აბსოლუტურ უმრავლესობაში გვხვდება), მაშინ შეიძლება ეკრანი არასაიმედო გამოვიდეს.
 მეორე ვარიანტია სპეციალური ფოლგის გამოყენება. მე პირადად, ამ ვარიანტს ვირჩევ, მეტი საიმედოობისათვის. არსებობს სპილენძის და ალუმინის ფოლგები, სპილენძი უფრო მკვრივია და ელექტროობის უკეთესი გამტარი, ამიტომ, ძირითადად მასზე ჯობია აქცენტის გაკეთება, თუმცა, თუ ვერ შოულობთ, ალუმინის ფოლგითაც შეიძლება კარგი შედეგის მიღება. სხვადასხვა ფორუმზე წერენ, რომ ამ ორ მეტალთაგან სხვადასხვა მახასიათებლის გამო, სხვადასხვანაირი შედეგი მიიღება, ზოგი ერთს უწევს რეკომენდაციას, ზოგი მეორეს... არ ვიცი, მე ნამდვილად არ შემიდარებია, რადგან ეკრანად ვიყენებ დიმარზიოს სპილენძის ლენტს, რომელიც საკმაოდ სქელია, ამავე დროს მოქნილი და ძალიან კარგი წებვადი თვისებები აქვს. ფასიც ხელმისაწვდომია და ვინაიდან ჯერჯერობით არცერთ შემთხვევაში არ უმტყუვნია, სხვა ვარიანტები არც მიცდია. ამასთანავე, თუ გავითვალისწინებთ, რომ სპილენძი უფრომუსიკალურიმეტალია, არა მგონია, ალუმინის ფოლგამ აჯობოს ჟღერადობით J
 
ეკრანირების გასაკეთებლად საჭიროა ინსტრუმენტის მომზადება. პირველ რიგში, სანამ პიკაპებს და მთელ ელექტრონიკას მოვხსნით, კარგად ამოიხაზეთ ელექტროობის სქემა, კარგი იქნება, თუ საკვანძო ადგილებში ფოტოებსაც გადაუღებთ. თუ თქვენ პიკაპების გამოცვლასაც აპირებთ, მწარმოებლის საიტზე ნახეთ სქემების ვარიანტები და გაიაზრეთ, როგორ უნდა მოხდეს აწყობისას თითოეული კომპონენტის ერთმანეთთან დაკავშირება.
პირველ რიგში, ინსტრუმენტს მოხსენით სიმები (შეგიძლიათ მოუშვათ, მაგრამ მაინც ხელს შეგიშლით მუშაობაში, და აჯობებს, მოხსნათ). ფლოიდიან გიტარებზე მიზანშეწონილია სიმების გადაჭრა ფლოიდიდან დაახლოებით 10-15 სანტიმეტრზე და მათზე დროებით სკოჩის დახვევა. მე ასე ვიქცევი, რადგან ფლოიდის დარეგულირება ცალკე თემაა და ჯობია ის სიმების დაყენების მერე განვახორციელოთ, მანამდე კი დროის ეკონომიისათვის, ფლოიდს არ ვეხებით. ფიქსირებულ ბრიჯიან გიტარებზე ან ფენდერის ტიპის სტანდარტულ ტრემოლოზე შეგიძლიათ თამამად მოხსნათ სიმები.
 
მოხსენით გიტარას პიკაპები და მთელი ელექტრონიკა, გადაბმის ადგილებში სადენები აკურატულად განაცალკევეთ.
 


თანმიმდევრულად ამოავსეთ ბუდეები ეკრანით.

 
 
ეკრანირებით დაფარეთ ასევე ელექტროობისათვის განკუთვნილი ბუდის მფარავი პლასტმასის ფირფიტის შიდა ზედაპირი.
 
 
აუცილებლად შეამოწმეთ, რომ ეკრანისათვის გამოყენებული ფოლგის გადაბმის ადგილებში მუხტი თავისუფლად გადადიოდეს, ამისათვის გამოიყენეთ ტესტერი. თუ სადმე პრობლემაა, ასეთ ადგილას აჯობებს გამოიყენოთ "პაიკა".
ასევე, არ დაგავიწყდეთ, რომ პიკაპებისათვის განკუთვნილი ბუდეების ეკრანირების შემდეგ, ისინი აუცილებლად უნდა დაუკავშიროთ ელექტრონიკისათვის განკუთვნილი ბუდის ეკრანს და შემდეგ ეს ყველაფერი ვოლუმის პოტენციომეტრის უკანა ნაწილზე მიაპაიკოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენს მიერ დაწეული შრომა წყალში იქნება გადაყრილი, რადგან, უკეთეს შემთხვევაში ეკრანირება მხოლოდ ნაწილობრივ შეასრულებს დანიშნულებას, უარეს შემთხვევაში კი პირიქით, დამატებითი „შუმების“ გამომწვევი გახდება. მომდევნო სურათზე პიკაპების ბუდიდან და ტრემოლოდან წამოსული სადენები მიერთებულია ელექტრონიკისათვის განკუთვნილი ბუდის მარცხენა კუთხეში.


ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი მომენტია, რომ სპილენძის ეკრანი შემთვხვევით უადგილოდ არ შეეხოს გიტარაში განთავსებულ სხვა მეტალის კომპონენტებს (როგორიცაა სადენები, პოტენციომეტრები, პიკაპების სელექტორი). ამისათვის, სპოლენძის ეკრანის იმ ადგილებს, სადაც სიახლოვეს რკინის დეტალები უნდა მოთავსდეს, წინასწარ ვფარავ ჩვეულებრივი დიელექტრიკით - ლეიკოიზოლაციის ფენით.
 
 ამის შემდეგ თანმიმდევრულად ყენდება პოტენციომეტრები და პიკაპები, რასაც მოყვება სადენების მიერთება. თუ პოტენციომეტრებისათვის განკუთვნილი ნახვრეტი ვიწრო აღმოჩნდა, ძალიან ფრთხილად გააფართოეთ ის ან წვრილი მრგვალი ქლიბით, ან მრგვლად დახვეული ზუმფარით ("შკურკით"), ისე, რომ გიტარის საღებავი და ლაქი არ დააზიანოთ. კონკრეტულად ამ გიტარაში ჩავაყენე Seymour Duncan-ის TB-4 ბრიჯში, შუაში სინგლი SSL-5 (დევიდ გილმორის მოდელი) და SH-2 Jazz მოდელი ნეკში (დუეტი TB-4/SH-2 თვით სეიმორის საყვარელი კომბინაციაა და Megadeth-ისა და Carcass-ის გიტარებზე გვხვდებოდა).


უმეტეს შემთხვევაში პიკაპებისა და ელექტრონიკის შერჩევა ინდივიდუალური საკითხია და დამოკიდებულია გიტარის მოდელსა და პატრონის გემოვნებაზე, აქედან გამომდინარე, შეერთების მაგალითები უკეთესია მონახოთ ინტერნეტში. პიკაპების მწარმოებლები თავიანთ საიტებზე იძლევიან ათასგვარი კომბინაციის სქემებს, საინტერესო ვარიანტები შეიძლება იპოვოთ იუტუბზე ან უბრალოდ, სხვადასხვა რესურსზე, ამიტომ ამ დეტალებზე შეჩერება აქ არ ღირს. მთავარია, სწორად განახორციელოთ კომუტაცია, ამაზეა დამოკიდებული თქვენი ინსტრუმენტის ბგერის სისუფთავე, ამიტომ, გამოიყენეთ მაღალი ხარისხის სადენები.
რაც შეეხება გიტარაზე განთავსებულ ელექტრონიკას, შეიძლება გადაწყვიტოთ მათი შეცვლაც, განსაკუთრებით, თუ რეგულირებისას ისინი დამახასიათებელ "უცხო" ხმებს გამოსცემენ.  თუ თქვენ გიტარაზე ჰამბაკერები აყენია, უნდა შეარჩიოთ 500 კილოომიანი პოტენციომეტრები, სინგლებისათვის კი იყენებენ 250 კილოომიანს (აქვე დავამატებ, აქტიური პიკაპების შემთხვევაში გამოიყენება 25 კილოომიანი). თუ ტემბრორეგულატორს აქტიურად იყენებთ, მაშინ შეიძლება საინტერესო იყოს კონდენსატორის მოცულობის შერჩევაც (ტონ-პოტენციომეტრზე მიერთებული კონდენსატორი განსაზღვრავს, რა ოდენობის მაღალი სიხშირეები "ჩამოეჭრას" სიგნალს). ამ თემაზე საკმაო ინფოა ნეტში, მე პირადად თითქმის არ ვიყენებ მას, ამიტომ იმ კონდენსატორს ვაყენებ, რაც ფენდერის 500 კილოომიან პოტენციომეტრს მოყვება სტანდარტულად. ვოლუმისათვის კი ვიყენებ იგივე მახასიათებლის (500 კილოომიან) დიმარზიოს
 
 
(აქვე დავამატებ, რომ თუ გიტარაზე მალმსტინის საყვარელი „ვიოლინოსებური“ ეფექტის გაკეთებას გადაწყვეტთ, უნდა შეარჩიოთ ეგრეთწოდებული Hi-Speed პოტენციომეტრი). პოტენციომეტრების არჩევისას, ყურადღება ასევე მიაქციეთ, თქვენი პოტენციომეტრის ღერძი მთლიანია (Solid Shaft) თუ სიმაღლეში ჩაჭრილი (Split Shaft).
ძირითადად ესაა, რასაც გიტარის ეკრანირების შესახებ ხშირად მეკითხებიან. სწორად გაკეთებული ეკრანირება ჟღერადობის ხარისხსაც გაგიუმჯობესებთ და ფონთან ბრძოლის ნაცვლად, საშუალებას მოგცემთ, ყურადღების კონცენტრირება დაკვრასა და საუნდზე გააკეთოთ.
 
თუ რამე შეკითხვები გექნებათ, ვეცდები გიპასუხოთ :) 

DKMG goes DKSD :)


ცოტა ხნის წინ იბეიზე გადავაწყდი და შევიძინე არაჩვეულებრივი ინსტრუმენისნაწილი: ესაა იაპონური (!) Jackson DKMG, 1996 წლის, კოპუსი მურყანი (alder), ნეკერჩხლის ზედაპირით , არაჩვეულებრივი ფლოიდ როუზით (JT-590) და EMG- აქტიური პიკაპებით (81/85 , Zakk Wylde- სეტი. იგივეს იყენებს Kerry King, ანუ ბევრი ახსნა არ ჭირდება, რასთან გვაქვს საქმე).


ცოტა ძებნის შემდეგ, შესაფერისი გრიფიც შევურჩიე -ესაა Jackson Dinky DR3 Reverse (ესეც იაპონელია, თავის დროზე ამ მოდელით წერდნენ ალბომს სლიპკნოტის გიტარისტები).


რადგან სიტუაცია ხელს მიწყობს, გადავწყვიტე, გიტარა მთლიანად ჩემ ჭკუაზე მოვაქციო. ამიტომ, პირველი, რისი შეცვლაც მოვინდომე, ესაა პიკაპები. EMG 81 და 85 აქტიური პიკაპებია, ძალზედ გავრცელებული და დაფასებული მეტალ-სამყაროში, თუმცა მე პასიურები მირჩევნია, მაღალი ვიხოდით (ასე უფრო იგრძნობა გიტარის ინდივიდუალური ტემბრი და საშუალო-დაბალი სიხშირეები უფროსავსეა“). ამიტომ, ორიგინალ პიკაპებს დავატოვებინე დისლოკაციის ადგილი (მოკითხვა ზეკ ვაილდსა და კერი კინგს ;)  ).

 


მათთან ერთად, თავისთავად, პოტენციომეტრებიც ამოვიღე, რადგან EMG- აქტიურ პიკაპებთან 25k გამოიყენება, პასიურისთვის კი 500k დამჭირდება.

 


 
პიკაპების ამოღებისას, რა თქმა უნდა, დღის წესრიგში დადგა გიტარის ეკრანირება: დაშლილ-გაშიშვლებული გიტარა ამის 100%-იან საშუალებას იძლევა. მით უმეტეს, რომ მე ძირითადად Hi-Gain საუნდზე ვუკრავ და ზედმეტი ფონი არავის სიამოვნებს :) . ამიტომ, გამოვიღე კარადიდან DiMarzio Copper Shielding Tape,

 

 
რომლითაც ამოვავსე ჰამბაკერების და ელექტროგაყვალილობისათვის განკუთვნილი ბუდეები. ამ ტეიპის სასარგებლოდ მინდა ვთქვა, რომ ძალიან კარგად ეწებება, თანაც, ისე, რომ გადაბმის ადგილებზე დამატებითი კონტაქტის გაკეთება არაა საჭირო: ტესტერით შევამოწმე და სხვადასხვა ფენებზე თანაბრად გადადის მუხტი! ოღონდ, ბუდეები მთლიანად რომ ამოვავსე, პლასტიკის თავსახურისთვის აღარ დამრჩა და მომიწია, კიდევ ერთი შემეკვეთა :( (2 feet of 3-1/2″ wide არ აღმოჩნდა საკმარისი). მანიპულაციების შედეგად, ჩემი გიტარა ასეთ ვიდზე დადგა:




 
 
აქ ერთი სიურპრიზი დამხვდა: პოტენციომეტრები, რომელიც მომარაგებული მქონდა (500k Dimarzio და Fender) არ გაეტია შესაბამის ნახვრეტებში, მომიწია, სიფრთხილით ცოოოტა გემეგანიერებინა.

 ახლა, რაც შეეხება ძრავს! EMG-ებთან საკითხი უკვე გარკვეულია, თანაც ცხადია, ჩემ გიტარაში პიკაპები უნდა იყოს Seymour Duncan! მაგრამ რომელი? აქტიური თუ პასიური? ან კონკრეტულად, რომელი მოდელები? დღეს დუნკანების დიდი არჩევანია და მეტალ-სპექტრის ნებისმიერ სეგმენტს ერგება, მაგრამ ერთ გიტარაში ყველა არ ჩაეტევა. :| Dimebucker, რომელიც ცოტა ხნის წინ Basswood Body-ან იბანეზში მეყენა და ძალიან მომწონდა, Alder-ზე ძალიან ბევრ მაღალ სიხშირეებს წამოიღებს.ამიტომ, იმის გათვალისწინებით, რომ მეორე ჯეკსონზე TB-4/Jazz კლასიკური კომბინაცია მიყენია, ფიქრისა და არჩევის შემდეგ გადავწყვიტე, ბრიჯში ჩავაყენო Seymour Duncan Distortion (აგრესიული რიფებისათვის) და ნეკში Seymur Duncan 59 (თბილი და სუსტეინიანი საუნდისათვის).

პირველ რიგში, ელექტროსქემა ავაწყვე (500 კილოომიანი პოტენციომეტრები, ვოლუმზე Dimarzio, ტონზე Fender).




იმ ადგილებში, სადაც არ მინდოდა, რომ შიდა ელექტროობის მეტალი ეკრანს შეხებოდა, დავამატე ჩვეულებრივი საიზოლაციო ლენტის ფენა, მეტი საიმედოობისათვის. შემდეგ უკვე მთავარი საქმე, ჰამბაკერების ჩაყენება! :)
 


ამიერიდან ეს გიტარა აღარაა DKMG და გადაიქცა DKSD-  :) . მომდევნო ეტაპი- გრიფის დამაგრება! ფრიად საყურადღებო მომენტი, რომლის შედეგადაც შეიძლება გიტარის ნაცვლად, ლამაზიფიცარიშეგრჩეთ ხელში. საბედნიეროდ, გრიფი საკუთარივით მოერგო კორპუსს და პრობლემები არ შემქმნია (რისიც, გარკვეულწილად, მეშინოდა). თავისთავად, ანკერმა მოითხოვა გასწორება რაც უმტკივნეულოდ განხორციელდა.
 

და სიმებიპირველ ეტაპზე, წყობა შევარჩიე D (სტანდარტული :D ), ნაწილობრივ იმისათვის, რომ არ დამჭირვებოდა ფლოიდის გადაწყობა სქელ სიმებზე და მარტივად შემემოწმებინა გრიფიდან სიმების სიმაღლე. პროცედურის დამთავრებისას მივიღე:


მე მას ფრანკენშტეინს ვეძახი :)

საინტერესოა, რომ ეკრანირებამ დიდი შედეგი გამოიღო: მაღალ გეინზეც კი გიტარა სამარისებურად ჩუმადაა.




აქვე ვდებ ვიდეოს, სადაც ამ ორი მონსტრის Hi-Gain საუნდი ჩანს: