4/11/2013

Shielding Guitar

ამ ბლოგში მინდა აღვწერო, თუ როგორ შეიძლება თავი დავაღწიოთ გიტარისტებისათვის ძალიან ნაცნობ პრობლემას, რომელსაც ქვია... ფონი!
ელექტროგიტარის ნაკლი, რომელიც ხშირად თან დევს შესრულებას რეპეტიციებზე, კონცერტებზე და ჩანაწერებშიც კი. თუნდაც სახლში, ვირტუალურ სტუდიაში მუშაობისას ის შეიძლება იმდენად შემაწუხებელი და ხელისშემშლელი იყოს, რომ შემოქმედებითი მუხტი გააქროს და მუზები დააფრთხოს. გიტარას, განსაკუთრებით მაღალი გეინის პირობებში, მოსდევს არა მარტო ელექტროქსელისგუგუნი“ 50 ჰერცზე, არამედ სხვა არტეფაქტები სიხშირეთა ფართო სპექტრში. დინამიკებთან და მონიტორთან (ვგულისხმობ მოძველებულ, CRT მონიტორებს და არა თანამედროვე LCD-), ან სულაც ელექტროგაყვანილობის ხაზის სიახლოვეს ეს ფონი კიდევ უფრო შესამჩნევია და ხანდახან შეუძლებლად გვეჩვენება თავის დაღწევა.
 საბედნიეროდ, გამოსავალი არსებობს. ეს გამოსავალი მცირე კაპიტალდაბანდებას, გარკვეულ დროის დახარჯვას და ცოტაოდენ მოხერხებულობას საჭიროებს, სამაგიეროდ, შედეგად მიიღებთ წარმოუდგენლადჩუმინსტრუმენტს, რომლის ინტონაციაშიც სრულიად უცხო ჟღერადობა სასიამოვნო აღმოჩენა იქნება.
ეკრანირება-ეს ერთადერთი გზაა, რომელიც დაგავიწყებთ პრობლემას. სხვადასხვა ტიპის გეიტები და ნოის-სუპრესორები, რომელთა მოქმედების პრინციპი ხშირად ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება, მხოლოდ უკვე არსებულ, არასასურველ ფონთან ბრძოლაა, მაშინ, როდესაც გარკვეული, ერთჯერადი ღონისძიებით ფონის პრობლემის ერთბაშად გადაჭრა შეიძლება და უმეტეს შემთხვევაში, არა მარტო გეიის საჭიროება გაქრება, არამედ თვით სიგნალი იქნება სუფთა და გამჭვირვალე.
თავიდანვე მინდა ხაზი გავუსვა, რომ გიტარების ნაწილი სხვადასხვა ფორმით ქარხანაშივე ეკრანირდება. უმეტეს შემთხვევაში გრაფიტის სპეციალური საღებავით, რომელიც კარგ ელექტროგამტარს წარმოადგენს. მეორე ნაწილი კი, მათ შორის, ხშირად საკმაოდ ძვირადღირებული ინსტრუმენტებიც კი, მთლიანად დაუცველია გარეშე ელექტრომაგნიტური ტალღებისაგან და არა მარტო ფონის, არამედ რადიოს მოსმენაც შეიძლება ზოგიერთი გიტარის საშუალებით.  თავისთავად ცხადია, რომ იმ ინსტრუმენტებზე, რომლებზეც ჰამბაკერები აყენია, ფონის პრობლემა სინგლებთან შედარებით ნაკლებია. შესაბამისად, ეკრანირების შემდეგ, მათზე გაცილებით უკეთესი შედეგი მიიღწევა. ასევე, რაც არ უნდა კარგი ეკრანირება გაკეთდეს, ფონს აბსოლუტურად ვერ ჩავახშობთ, თუმცა დავიყვანთ მინიმალურ დასაშვებ ზღვარზე, იმდენად, რომ ინსტრუმენტის ჟღერადობას ხელს არ შეუშლის და მის მთელ ბრწყინვალებას წარმოაჩენს.
გიტარის ეკრანირების ორი ვარიანტი არსებობს. პირველია გრაფიტის საღებავი (ქარხნულად უმეტესად ასე აკეთებენ ხოლმე ეკრანირებას).
 
 
თუ გიტარის შიდა ზედაპირები კარგადაა დამუშავებული, შედეგიც კარგი შეიძლება მივიღოთ, მაგრამ თუ სადმე ფენა ძალიან თხელი გამოვიდა, ან არააკურატულად მოხდა ზედაპირების დაფარვა (რაც, ქარხნული ეკრანირების შემთხვევაში, შედარებით იაფფასიან ინსტრუმენტების აბსოლუტურ უმრავლესობაში გვხვდება), მაშინ შეიძლება ეკრანი არასაიმედო გამოვიდეს.
 მეორე ვარიანტია სპეციალური ფოლგის გამოყენება. მე პირადად, ამ ვარიანტს ვირჩევ, მეტი საიმედოობისათვის. არსებობს სპილენძის და ალუმინის ფოლგები, სპილენძი უფრო მკვრივია და ელექტროობის უკეთესი გამტარი, ამიტომ, ძირითადად მასზე ჯობია აქცენტის გაკეთება, თუმცა, თუ ვერ შოულობთ, ალუმინის ფოლგითაც შეიძლება კარგი შედეგის მიღება. სხვადასხვა ფორუმზე წერენ, რომ ამ ორ მეტალთაგან სხვადასხვა მახასიათებლის გამო, სხვადასხვანაირი შედეგი მიიღება, ზოგი ერთს უწევს რეკომენდაციას, ზოგი მეორეს... არ ვიცი, მე ნამდვილად არ შემიდარებია, რადგან ეკრანად ვიყენებ დიმარზიოს სპილენძის ლენტს, რომელიც საკმაოდ სქელია, ამავე დროს მოქნილი და ძალიან კარგი წებვადი თვისებები აქვს. ფასიც ხელმისაწვდომია და ვინაიდან ჯერჯერობით არცერთ შემთხვევაში არ უმტყუვნია, სხვა ვარიანტები არც მიცდია. ამასთანავე, თუ გავითვალისწინებთ, რომ სპილენძი უფრომუსიკალურიმეტალია, არა მგონია, ალუმინის ფოლგამ აჯობოს ჟღერადობით J
 
ეკრანირების გასაკეთებლად საჭიროა ინსტრუმენტის მომზადება. პირველ რიგში, სანამ პიკაპებს და მთელ ელექტრონიკას მოვხსნით, კარგად ამოიხაზეთ ელექტროობის სქემა, კარგი იქნება, თუ საკვანძო ადგილებში ფოტოებსაც გადაუღებთ. თუ თქვენ პიკაპების გამოცვლასაც აპირებთ, მწარმოებლის საიტზე ნახეთ სქემების ვარიანტები და გაიაზრეთ, როგორ უნდა მოხდეს აწყობისას თითოეული კომპონენტის ერთმანეთთან დაკავშირება.
პირველ რიგში, ინსტრუმენტს მოხსენით სიმები (შეგიძლიათ მოუშვათ, მაგრამ მაინც ხელს შეგიშლით მუშაობაში, და აჯობებს, მოხსნათ). ფლოიდიან გიტარებზე მიზანშეწონილია სიმების გადაჭრა ფლოიდიდან დაახლოებით 10-15 სანტიმეტრზე და მათზე დროებით სკოჩის დახვევა. მე ასე ვიქცევი, რადგან ფლოიდის დარეგულირება ცალკე თემაა და ჯობია ის სიმების დაყენების მერე განვახორციელოთ, მანამდე კი დროის ეკონომიისათვის, ფლოიდს არ ვეხებით. ფიქსირებულ ბრიჯიან გიტარებზე ან ფენდერის ტიპის სტანდარტულ ტრემოლოზე შეგიძლიათ თამამად მოხსნათ სიმები.
 
მოხსენით გიტარას პიკაპები და მთელი ელექტრონიკა, გადაბმის ადგილებში სადენები აკურატულად განაცალკევეთ.
 


თანმიმდევრულად ამოავსეთ ბუდეები ეკრანით.

 
 
ეკრანირებით დაფარეთ ასევე ელექტროობისათვის განკუთვნილი ბუდის მფარავი პლასტმასის ფირფიტის შიდა ზედაპირი.
 
 
აუცილებლად შეამოწმეთ, რომ ეკრანისათვის გამოყენებული ფოლგის გადაბმის ადგილებში მუხტი თავისუფლად გადადიოდეს, ამისათვის გამოიყენეთ ტესტერი. თუ სადმე პრობლემაა, ასეთ ადგილას აჯობებს გამოიყენოთ "პაიკა".
ასევე, არ დაგავიწყდეთ, რომ პიკაპებისათვის განკუთვნილი ბუდეების ეკრანირების შემდეგ, ისინი აუცილებლად უნდა დაუკავშიროთ ელექტრონიკისათვის განკუთვნილი ბუდის ეკრანს და შემდეგ ეს ყველაფერი ვოლუმის პოტენციომეტრის უკანა ნაწილზე მიაპაიკოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენს მიერ დაწეული შრომა წყალში იქნება გადაყრილი, რადგან, უკეთეს შემთხვევაში ეკრანირება მხოლოდ ნაწილობრივ შეასრულებს დანიშნულებას, უარეს შემთხვევაში კი პირიქით, დამატებითი „შუმების“ გამომწვევი გახდება. მომდევნო სურათზე პიკაპების ბუდიდან და ტრემოლოდან წამოსული სადენები მიერთებულია ელექტრონიკისათვის განკუთვნილი ბუდის მარცხენა კუთხეში.


ჩემი აზრით, მნიშვნელოვანი მომენტია, რომ სპილენძის ეკრანი შემთვხვევით უადგილოდ არ შეეხოს გიტარაში განთავსებულ სხვა მეტალის კომპონენტებს (როგორიცაა სადენები, პოტენციომეტრები, პიკაპების სელექტორი). ამისათვის, სპოლენძის ეკრანის იმ ადგილებს, სადაც სიახლოვეს რკინის დეტალები უნდა მოთავსდეს, წინასწარ ვფარავ ჩვეულებრივი დიელექტრიკით - ლეიკოიზოლაციის ფენით.
 
 ამის შემდეგ თანმიმდევრულად ყენდება პოტენციომეტრები და პიკაპები, რასაც მოყვება სადენების მიერთება. თუ პოტენციომეტრებისათვის განკუთვნილი ნახვრეტი ვიწრო აღმოჩნდა, ძალიან ფრთხილად გააფართოეთ ის ან წვრილი მრგვალი ქლიბით, ან მრგვლად დახვეული ზუმფარით ("შკურკით"), ისე, რომ გიტარის საღებავი და ლაქი არ დააზიანოთ. კონკრეტულად ამ გიტარაში ჩავაყენე Seymour Duncan-ის TB-4 ბრიჯში, შუაში სინგლი SSL-5 (დევიდ გილმორის მოდელი) და SH-2 Jazz მოდელი ნეკში (დუეტი TB-4/SH-2 თვით სეიმორის საყვარელი კომბინაციაა და Megadeth-ისა და Carcass-ის გიტარებზე გვხვდებოდა).


უმეტეს შემთხვევაში პიკაპებისა და ელექტრონიკის შერჩევა ინდივიდუალური საკითხია და დამოკიდებულია გიტარის მოდელსა და პატრონის გემოვნებაზე, აქედან გამომდინარე, შეერთების მაგალითები უკეთესია მონახოთ ინტერნეტში. პიკაპების მწარმოებლები თავიანთ საიტებზე იძლევიან ათასგვარი კომბინაციის სქემებს, საინტერესო ვარიანტები შეიძლება იპოვოთ იუტუბზე ან უბრალოდ, სხვადასხვა რესურსზე, ამიტომ ამ დეტალებზე შეჩერება აქ არ ღირს. მთავარია, სწორად განახორციელოთ კომუტაცია, ამაზეა დამოკიდებული თქვენი ინსტრუმენტის ბგერის სისუფთავე, ამიტომ, გამოიყენეთ მაღალი ხარისხის სადენები.
რაც შეეხება გიტარაზე განთავსებულ ელექტრონიკას, შეიძლება გადაწყვიტოთ მათი შეცვლაც, განსაკუთრებით, თუ რეგულირებისას ისინი დამახასიათებელ "უცხო" ხმებს გამოსცემენ.  თუ თქვენ გიტარაზე ჰამბაკერები აყენია, უნდა შეარჩიოთ 500 კილოომიანი პოტენციომეტრები, სინგლებისათვის კი იყენებენ 250 კილოომიანს (აქვე დავამატებ, აქტიური პიკაპების შემთხვევაში გამოიყენება 25 კილოომიანი). თუ ტემბრორეგულატორს აქტიურად იყენებთ, მაშინ შეიძლება საინტერესო იყოს კონდენსატორის მოცულობის შერჩევაც (ტონ-პოტენციომეტრზე მიერთებული კონდენსატორი განსაზღვრავს, რა ოდენობის მაღალი სიხშირეები "ჩამოეჭრას" სიგნალს). ამ თემაზე საკმაო ინფოა ნეტში, მე პირადად თითქმის არ ვიყენებ მას, ამიტომ იმ კონდენსატორს ვაყენებ, რაც ფენდერის 500 კილოომიან პოტენციომეტრს მოყვება სტანდარტულად. ვოლუმისათვის კი ვიყენებ იგივე მახასიათებლის (500 კილოომიან) დიმარზიოს
 
 
(აქვე დავამატებ, რომ თუ გიტარაზე მალმსტინის საყვარელი „ვიოლინოსებური“ ეფექტის გაკეთებას გადაწყვეტთ, უნდა შეარჩიოთ ეგრეთწოდებული Hi-Speed პოტენციომეტრი). პოტენციომეტრების არჩევისას, ყურადღება ასევე მიაქციეთ, თქვენი პოტენციომეტრის ღერძი მთლიანია (Solid Shaft) თუ სიმაღლეში ჩაჭრილი (Split Shaft).
ძირითადად ესაა, რასაც გიტარის ეკრანირების შესახებ ხშირად მეკითხებიან. სწორად გაკეთებული ეკრანირება ჟღერადობის ხარისხსაც გაგიუმჯობესებთ და ფონთან ბრძოლის ნაცვლად, საშუალებას მოგცემთ, ყურადღების კონცენტრირება დაკვრასა და საუნდზე გააკეთოთ.
 
თუ რამე შეკითხვები გექნებათ, ვეცდები გიპასუხოთ :) 

8 comments:

  1. aluminis folga gavushvi me... xma odnav sheucvala, magram foni datova, umnishvnelod gaaqro, hambakerebi mtlianad davaizolire da ise chavsvi aluminis budeebshi, aseve moviqeci sxva eleqtro agregatebtanac, magram efeqti daaxloebit 7%-ia anu ar igrdznoba...

    ReplyDelete
  2. ალუმინი არასდროს მიცდია, თუმცა სტრატის ტიპის გიტარებზე ვიცი, რომ იყენებენ. შენ შემთხვევაში, რა გიტარაა, რომელი მოდელი, რა პიკაპები აყენია, იქნებ მეტი ინფო დაგედო? შეიძლება ქარხნულად ქონდა კარგი ეკრანირება, მაშინ ეფექტი მინიმალური იქნებოდა. ან, იქნებ მაღალ გეინს არ იყენებ და მაგ შემთხვევაში, ფონი ძალიან არ ჩანს.

    ReplyDelete
  3. გამარჯობა.

    სპილენძის ფოლგა გამოვიწერე, მაგრამ მარტო ბუდეში ჩასაკრობად მეყო. ფიქგარდზე ალუმინის ფოლგა დავაკარი. :)
    ერთი კითხვა მაქვს, დამიწება ჩემ სტრატს ბრიჯზე ჰქონდა აქამდე და როგორ ჯობია ისევ ბრიჯზე მივამაგრო თუ ბუდეში სპილენძის ფოლგაზე?

    ReplyDelete
  4. აუცილებელია, რომ პიკგარდისა და ბუდისგან შედგებოდეს ერთი მთლიანი ბუდე, რომელიც ელექტრომაგნიტური ტალღებისგან დაცული "კოლოფი" იქნება. ანუ, მათ ერთმანეთთან კონტაქტი უნდა ქონდეთ. ერთი დამიწების წვერი შეუერთე სპილენძზე, ბრიჯზე კი დატოვე არსებული.

    ReplyDelete
  5. სანამ დავშლიდი ჩემი სტრატი ცოტა უცნაურად იყო გადაკეთებული, ბუდესა და ბრიჯს შორის იყო აშკარად ხელით გაკეთებული ნახვრეტი და ასე გადიოდა ბრიჯის დამჭერთან დამიწების შნური. ეხლა სპილენძის ფოლგით დავფარე ეგ ნახვრეტი და მემგონი აზრი აღარ აქვს გახვრეტას, თან ბუდის მთლიანობაც დაირღვევა ამით.

    ReplyDelete
  6. მადლობა საჭირო ინფორმაციისთვის და დახმარებისთვის. კარგი სტატიაა :)

    ReplyDelete
  7. მანდ ბუდის მთლიანობის დარღვევას დიდი უარყოფითი შედეგი არ მოყვება, მასში მაინც დამიწების კაბელი გავა. ბრიჯის დამიწება კი ძალიან მნიშვნელოვანია.

    ReplyDelete
  8. This comment has been removed by a blog administrator.

    ReplyDelete